აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა.
გამოკვლევების მიმდინარეობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამედიცინო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
