აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „ჯანდაცვის ფორუმი – 2026“ გაიმართა.
ფორუმი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შეაჯამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებებით მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სოციალური პროგრამების ექსპერტი, აკადემიური დოქტორი სოფიო ბაკურიძე და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, გაფართოვდა კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება და დაინერგა ახალი, თანამედროვე სამედიცინო სერვისები. ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის პროგრამით 400-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციის მიმართულებით 175 მოქალაქეს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შედეგად 88 ბავშვი დაიბადა. გაფართოვდა შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამებიც – ამოქმედდა 10 ახალი პროგრამა, ყოველწლიურად 13 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, მომსახურებებით 5 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, ხელმისაწვდომია 28 სახეობის დამხმარე საშუალება.
ასევე გაფართოვდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პრევენციული და სკრინინგული სერვისები, განვითარდა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები.
ღონისძიების დასასრულს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები და ექთნები დააჯილდოვა.
პროფესიული საქმიანობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო 5 ექიმსა და 2 ექთანს გადაეცა.
