USAID-ი გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში რევოლუციური სცენარებისთვის მილიარდზე მეტია დახარჯული.
„ღია წყაროებში საქართველოზეც არის საუბარი პირდაპირ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული, რომ მომხდარიყო რევოლუციური სცენარები. ისინი აფინანსებდნენ ე.წ. მდიდარ „ენჯეო“ ორგანიზაციებს, აგენტურულ პარტიებსა და მედიასაშუალებებს. USAID-ის მეშვეობით ლოკალური აგენტურა Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებს აშლევინებდა იმ კონტენტს, რაც არ აწყობდა და პირიქით, უფრო პოპულარიზაციას უწევდნენ ხელოვნურად ისეთი ტიპის კონტენტს, რომელიც მათ დღის წესრიგს ემსახურებოდა.
ასევე უნდა გავიხსენოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, როდესაც თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა „ენჯეოებმა“, მათმა აქტივისტებმა. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ ეს ყველაფერი USAID-ის მხრიდან იყო ორკესტრირებული“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
