სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
პაატა სალიამ და რუბენ რუბინიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის გაძლიერება სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებებით ხელს შეუწყობს იუსტიციის სფეროს განვითარებას საქართველოსა და სომხეთში, რაც, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რეგიონში.
პაატა სალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააღრმაოს თანამშრომლობა სომეხ პარტნიორებთან უფრო მტკიცე ინსტიტუციური კავშირებისა თუ პრაქტიკული ინიციატივების მეშვეობით და იმედი გამოთქვა, რომ სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის ეროვნულ ასამბლეას შორის. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცების პროცესში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – თამარ ზოდელავა, ლანა მორგოშია და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
