თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის მარიამ გრიგოლიშვილის ინიციატივით, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისა“ წარდგენა გაიმართა.
კრებული სრულად ილუსტრირებული სახით სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის ფარგლებში გამოიცა.
პროექტში მონაწილეობა სკოლის 70-მა მოსწავლემ მიიღო. შემოქმედებითი სამუშაოების დაწყებამდე მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული ხელნაწერი წიგნის შექმნისა და მინიატიურული მხატვრობის ტრადიციებს გაეცნენ.
მიღებული ცოდნის საფუძველზე მათ ნაწარმოების სრული ხელნაწერი შექმნეს და 128-ვე იგავი საკუთარი შემოქმედებითი ხედვით გააფორმეს.
,,პროექტი განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობისაა, ვინაიდან, მიუხედავად ქართული წიგნის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და სხვადასხვა ეპოქაში გამოჩენილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციებისა, სულხან-საბა ორბელიანის აღნიშნული ნაწარმოები სრულად დასურათებული სახით აქამდე არ გამოცემულა’’,-განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
მისივე თქმით, გამოცემას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულებაც აქვს. კრებულში წარმოდგენილია თითოეული იგავის თანამედროვე ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექსტი, მორალთა საძიებელი და შესაბამისი ლექსიკონი, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის ახალგაზრდა თაობისთვის.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი უნიკალური სამტომიანი ხელნაწერის დედანი თბილისის N 161 საჯარო სკოლის სამუზეუმო სივრცეში განთავსდება, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის კრებული ბეჭდური სახით გამოიცა.
პროექტის მიზანია ქართული ლიტერატურული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, წიგნის ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათი აქტიური ჩართულობა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალ თაობებში მის გავრცელებაში.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია როსტომ კაჭახიძე. გამოცემა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
