Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 26/11/2026
economy_294015366b07d9ec3c4ff5.09118158

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ეკონომიკის  მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიების მიზანი ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა. მინისტერიალის წლევანდელი თემა კი „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“ იყო.

როგორს სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილის განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა ეკონომიკური ჩართულობის კიდევ უფრო გასაფართოებლად.

„მსურს ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მხარეები დადებითად აფასებენ ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას, რაც უპირველესად განახლებად ენერგიას, ენერგიის დაგროვებასა და თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. ვიცე-პრემიერმა ასევე თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად. ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის“ ინიციატივისადმი ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც. საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის. მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა ეროვნული პრიორიტეტებია.

„ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.

საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს გრძელვადიან სტრატეგიასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2036 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის 2,5-ჯერ გაზრდა იგეგმება.

„ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები”,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა გამოსვლისას რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

„სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია.

„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველო მზადაა ჩინეთთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოოს.

„საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას „სარტყელისა და გზის ენერგეტიკული პარტნიორობისადმი“ და მზადაა, ხელი შეუწყოს ამ პოზიტიურ დინამიკას ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების, თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტერიალის ფარგლებში  გაიმართა გამოფენა, სადაც ენერგეტიკის სფეროში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიები, თანამედროვე ენერგეტიკული გადაწყვეტილებები და მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები იყო წარმოდგენილი.

მინისტერიალის გახსნაში შანტუნგის პროვინციის გუბერნატორმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანტუნგის პროვინციის კომიტეტის მდივნის მოადგილე ჭოუ ნაისიანგმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კომიტეტის შანტუნგის პროვინციის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქალაქ ცინგტაოს კომიტეტის მდივანმა წენგ წანჟუნგმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვანგ ხუნგჭმა მიიღეს მონაწილეობა.

Post navigation

Previous: საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
Next: თბილისის საკრებულოში იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისა“ წარდგენა შედგა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.