ეს არის ფარისევლობის, უმაღლესი პილოტაჟი, მათი [ოპოზიციის] მხრიდან. ერთმა მეუფემ რაღაც განაცხადა და ატეხეს ერთი ამბავი: წარმოგიდგენიათ, მმართველი პარტია არ უსმენს და არ უჯერებს მათო და როგორც კი პატრიარქმა თავისი აზრი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე და მმართველმა პარტიამ გაიზიარა, ეს ძღვენია საპატრიარქოს მისამართითო. ის თურმე ცუდი საქციელი ყოფილა და აქ პატრიარქს თუ რამე დაუჯერე, თუ მისი არგუმენტი გაიზიარე, მაშინ რაღაც ძღვენი ყოფილა, ძღვენი – ცუდი გაგებით, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ამიტომ, მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ. ვის სჯერა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშინ გახდა სამსჯელო ეს საკითხი, როდესაც გაიგეს, რომ მმართველმა გუნდმა პატრიარქ შიო მესამეს დაუჯერა და მისი არგუმენტები გაიზიარა.
“მეორე, რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია: თუ ეს პრობლემა იყო და თვითონაც ამბობენ, კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ ხომ? პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო ეს, რომ ცუდი რაღაც ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო. რა ინტერესი აქვთ, რომ ეს სუროგაცია არსებობდეს – არ ვიცი. ყველა ერთად დავფიქრდეთ და ვუყუროთ, ვინ რის ლობირებას ეწევა. ჩვენ საპატრიარქოს პოზიცია შეიძლება სხვა საკითხებშიც გავიზიაროთ და ამას ხმამაღლა ვიტყვით. თუ რაღაცაზე დავფიქრდებით, ამასაც ხმამაღლა ვიტყვით, არავის მოვატყუებთ და ისინი ფარისევლები არიან,” – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კომერციული სუროგაცია საქართველოში უკონტროლო გახდა და ეს სიტუაცია უნდა აღიკვეთოს, ვინაიდან, ამ სფეროში ქალების ჩართვამ ფაქტობრივად, ტრეფიკინგის ფორმები მიიღო.
“კომერციული სუროგაცია იმდენად უკონტროლო გახდა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ხომ ვნახეთ, ევროპის რამდენ ქვეყანაში აიკრძალა. ეს იმდენად ფარული ურთიერთობების საგანია, რომ ამის კონტროლი თითქმის შეუძლებელია და ბევრმა ქვეყანამ საერთოდ უარი თქვა ნებისმიერი ტიპის სუროგაციაზე. ჩვენთანაც მიიღო ძალიან არაჯანსაღი ფორმები ამან და ბევრი ქალის ტრეფიკინგიც კი ხდებოდა. ჩამოჰყავდათ ეს ქალები, რომლების ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან, ამ წუთში, სანამ არ აიკრძალება. [ქალები] რაღაც ეტაპებს გადიოდნენ იმის გამო, რომ ორი კაპიკი ეშოვათ და თავის ოჯახში შეეტანათ. ფაქტიურად, ტრეფიკინგის უკანასკნელი ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა, ეს ეკლესიამ შეამჩნია, ჩვენც გავიზიარეთ მათი არგუმენტები და ეს უკონტროლო სიტუაცია უნდა აღიკვეთოს საქართველოში, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი რაღაცების მომტანია. არის რაღაც სხვა ფორმები, რომლითაც შეიძლება ადამიანები გადაერთონ იმ სამედიცინო მანიპულაციებზე, სადაც მშობადობის გაუმჯობესება სხვა ფორმით არის შესაძლებელი, მაგრამ სუროგაციის ის ფორმები, განსაკუთრებით, კომერციული სუროგაციის ის ფორმები, რომელიც დღეს საქართველოშია, ყოვლად დაუშვებელია და ამაში პრინციპულები ვიქნებით,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
