POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისია მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა შესაძლოა თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს.
ინციდენტმა ევროკომისიის შიდა სისტემების მუშაობაც შეაფერხა. თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხელფასებთან, შვებულებასა და სამუშაო საათებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანას.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კიბერშეტევის ძირითადი ნაწილის შეკავება შეძლო, თუმცა ზარალის სრული მასშტაბი ამ დრომდე უცნობია.
„ევროკომისიას მიაჩნია, რომ თავდასხმის უმეტესი ნაწილის შეკავება შეძლო, თუმცა ზიანის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სისტემები შესაძლოა მუშაობას უბრუნდება, მაგრამ პასუხების მიღებას უფრო მეტი დრო სჭირდება“, – განუცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით.
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების სამსახურმა CERT-EU-მ მიმდინარე თვის დასაწყისში აღმოაჩინა, რომ საერთაშორისო ჰაკერებმა ARTEX-ი გამოიყენეს. ეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემებში მოწყვლადი ადგილების გამოვლენისთვისაა შექმნილი.
„ზოგიერთი ასეთ ინსტრუმენტებს ბოროტად იყენებს და ევროკომისიასაც დაესხა თავს“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე აპლიკაცია დროებით გაითიშა, თუმცა მათი უმეტესობის მუშაობა უკვე აღდგენილია.
ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რენიემ დაადასტურა, რომ უწყებამ კიბერშეტევის საპასუხოდ შესაბამისი ზომები მიიღო.
„ევროკომისიამ აღმოჩენილი კიბერკამპანიის საპასუხოდ აუცილებელი ნაბიჯები გადადგა. თავდასხმის სამიზნე ცალკეული სისტემები გახდა და ჩვენი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ამის შესახებ შესაბამის პირებს ვაცნობეთ“, – განაცხადა რენიემ.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა ევროკომისიის თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა. სწორედ ამ გაურკვევლობით ხსნის ევროკავშირის წარმომადგენელი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის შეზღუდულად მიწოდებას.
კიბერშეტევის შედეგად გამოწვეული შეფერხებები 10 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. დაზიანდა ევროკომისიის ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმა Sysper, რომლის საშუალებითაც თანამშრომლები ხელფასების უწყისებს, შვებულების მოთხოვნებსა და სამუშაო საათებს მართავენ, ასევე სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების სისტემა MyPMO. ორივე პლატფორმის მუშაობა მიმდინარე კვირის დასაწყისში აღდგა, თუმცა Sysper-მა გუშინ მცირე ხნით კვლავ შეწყვიტა მუშაობა. შეფერხება შეეხო თარგმნის სერვისებსაც.
ინციდენტის გამო ევროკომისიამ კრიზისების მართვის უმაღლესი შიდა ორგანოს – კორპორაციული მართვის საბჭოს – საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც გამოცემა წერს, ეს ინფორმაცია გაჟონილ შიდა ელექტრონულ წერილში იყო ასახული. გარდა ამისა, ციფრული სერვისების დეპარტამენტმა უსაფრთხოების შემოწმებების გაძლიერების განკარგულება გასცა.
POLITICO აღნიშნავს, რომ ევროკომისიაზე კიბერშეტევა ბოლო დღეებში მსოფლიოში მომხდარი კიბერშეტევებისა და ტექნიკური შეფერხებების სერიის ნაწილია. ბოლო პერიოდში პრობლემები შეექმნა Microsoft-ის სისტემებს, აშშ-ის მსხვილ ბანკებსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA). ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა ასევე ისეთი პოპულარული ვებგვერდები, როგორიცაა Air France-ის, BBC-ისა და Zoom-ის პლატფორმები.
