„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რა თქმა უნდა, არის მტკიცე ხაზი“, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოსამართლე ვასილ როინიშვილის კითხვას – მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს.
გორდულაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია პარლამენტის მიერ, მაგრამ ამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პასუხისმგებლობას იღებენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს სამუშაო ვერსია, შემდეგ გამოიტანეს საყოველთაო განხილვაზე, გაითვალისწინეს შენიშვნები და საბოლოო ჯამში ამ პარტიის წარდგენითა და მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.
გორდულაძე მიიჩნევს, რომ პარტია, რომელიც არ ემიჯნება საკუთარ დანაშაულებს, ტოვებს იმის განცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.
„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ X პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში, ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%, დაახლოებით 227 საქმე 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დადასტურებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. ნათქვამია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, ნათქვამია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არავის დაკისრებოდა. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, [ყოფილი] პრეზიდენტისგან აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანების წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, რა თქმა უნდა, პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები.
ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და როდესაც დღესაც ამბობენ, რომ ასეთ ფაქტებს უბრალოდ ადგილი არ ჰქონია, არათუ ამბობენ, რომ კი, იყო გადაცდომები, მაგრამ არა. როდესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ამ უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და აცხადებენ, რომ თურმე პარალელური სამყარო არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი, ეს არის კონკრეტული პარტია და პარტია, როდესაც [ამას] დღესაც არ ემიჯნება, ქმნის იმის აღქმას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
