ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის და ამ სექტორში ინვესტიციების კუთხით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში. მათ შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის სფეროებში.
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტებზე. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებადი ენერგიის სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოსთან ერთად ხელს აწერენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები. აღნიშნული შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული დაკავშირებადობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
