ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელმაც Amnesty International-ს თაღლითური ორგანიზაცია უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, Amnesty International-ის ცილისმწამებლური განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის, რასაც ეს ორგანიზაცია და მიხეილ სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი
,,Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.
ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი,’’ – წერს შალვა პაპუაშვილი.
