ის შედეგები, რაც გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, არის მთლიანობაში რკინიგზელთა არაერთი თაობის შრომის შედეგი, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.
„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
