მეუფე იაკობი: საქართველოს ევროპული პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ?! ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს

საქართველოს პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ?! ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება სხვებზე ყურება, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან სათანადოდ საუბარი, არ შეიძლება თავი დავუხაროთ, რადგან „არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს.

„დიახაც, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა. ჩვენ არ ვიცით-ხოლმე არავის მიტოვება. მინდა, ჩემი გულისტკივილი ვთქვა – 30 წელია, საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით. მსოფლიო ცივილიზებულმა საზოგადოებამ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, არ მინდა უფრო მძიმე სიტყვა, დანაშაული ვთქვა, როდესაც ჩვენ არ მიგვიღო ცივილიზებული ქვეყნების რიგებში. ბალტიისპირეთი მიიღო და ჩვენ არ მიგვიღო. მეხსიერება ასეთი იყო, რომ სადღაც სტალინის ეპოქაში იყო დაპყრობილი ბალტიისპირეთი. ჩვენ თუ მანამდე რუსეთის იმპერიის მიერ ვიყავით დაპყრობილი და საბჭოთა იმპერიის მიერ, ჩვენ მერე ყურადღება არ მოგვაქციეს.

სამწუხაროდ, ჩვენში ძმათამკვლელი ომი იყო, თბილისის ომს რომ ეძახიან.მერე იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ომი და რატომღაც ივიწყებენ, რომ ისიც რუსეთთან ომი იყო. მერე იყო 2008 წელი და იქაც მიგვატოვეს. მინდა ისტორია გავიხსენო: სულხან საბა რომ ევროპაში ჩავიდა, რა დაემართა, რა ქნა მაშინდელმა ევროპამ, უკან გამოაბრუნა, არ დაგვიდგა გვერდით. შემდეგ იყო ამბროსი ხელაია, მისწერა გენუის კონფერენციას და „არსაიდან ხმა და არსით ძახილი“.
როცა ამერიკაში ვიყავით, იქ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ განვითარებული, ძლიერი, ჭკვიანი ერი ვართ. როცა ომია, ომიც ვიცით, როცა უკანდახევაა საჭირო – ეგეც.

მინდა კარგად იცოდეთ, სანამ ევროპარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, მე მანამდე ქადაგებაში ვთქვი, რომ უკრაინას და მოლდოვას მიიღებდნენ და ორივეს ვულოცავდი. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, მოლდოვაზე ზღაპრებს გვიყვებიან, რომ არ ყოფილიყო რუმინეთი, რომელიც უკრაინას ხმას არ მისცემდა, მოლდოვას არ მიიღებდნენ. ევროპაში ერთი ერი არ აღმოჩნდა, ასე დაეჭირა მხარი. თუმცა, აღმოჩნდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, საქართველოზე რომ საწინააღმდეგოს ამბობდნენ.

ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირადად ვიცნობ, შეხვედრები მქონია. საქართველოზე ვთქვი ის, რაც მერე ღმერთმა მაკრონს ათქმევინა, რომ თურმე, საზღვარიც არ გვაქვს ევროპასთან.

საქართველოს პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება სხვებზე ყურება. აბა, ისრაელს შევხედოთ. მართლაც დიდი ერია და ღვთის ერია! საქართველოსაც სჭირდება, რომ გახდეს სახელმწიფო. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ანუ ძლიერი ჯარი და უსაფრთხოება უნდა გქონდეს და თითოეულ პიროვნებას განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, მას კანონი უნდა იცავდეს, კანონი კანონობდეს. ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები? ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ?! თუ უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ რა გვჭირდება.

ქართველებს ერთადერთი რაც გვჭირდება, ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დავთმოთ. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, ვისაც არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს.

ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, რომ შემოვალ, ხომ უფრო ცუდად მომექცევი. ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები, მიმიღე ისე, როგორც თანასწორი, თანასწორს. ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ?!

ძველად სპარსეთში გარბოდნენ-ხოლმე, ერთმანეთს უჩიოდნენ, იქიდან უნდა დაენიშნათ მეფე, იმათი კურთხევა უნდა ჰქონოდა. იგივე იყო ოსმალეთის იმპერიის დროს. აღარაფერს ვამბობ რუსეთის იმპერიაზე, როცა მოსკოვში დარბოდნენ საჩივლელად. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერად.

რამდენი ხანია სულ ვიძახი, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში იქნება. ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგონ? თუ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი?! ამერიკა სულ გვერდში გვიდგას,

ამერიკის დამოუკიდებლობის ღონისძიებაზე, რამდენიმე ეპისკოპოსი ამერიკელ გავლენიან პირს შევხვდით. ალალად გვითხრა, მერკელს რომ საქართველოზე ვეუბნებოდით, პირდაპირ უარი მოდიოდა, ახლა მაკრონს ათქმევინეს. უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მოლდოვას რუმინეთი და ჩვენ, რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ჩვენთან ლამის რევოლუცია წავიდა, მერე ნახა ხალხმა, რომ სკამებისთვის ბრძოლა წავიდა. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს.

კიდევ ერთხელ, შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროს რა უყო და ახლაც რას გვიშვრება, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. არავისი ნიანგის ცრემლები არ გვჭირდება, არც ევროპელებისა და არც – ჩვენი.

ერთმა გავლენიანმა ამერიკელმა მითხრა, არასამთავრობოებს თუ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობაო, ვუთხარი, სულ რამდენიმე მოდის ჩვენთან. მითხრა, ჭკუა სად აქვთო, ამხელა გავლენის მქონე ინსტიტუციააო. რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, თუ ეკლესია არ უნდათო. ეკლესიის გარეშე, აქ ვერავინ ვერაფერს გააკეთებს და დარჩებიან „სირცხვილიასავით“.

ჩვენ თუ ერი შევრიგდით, ვის რად უნდა ვინმე ციხეში, მთავარი გასაღები ხომ შერიგებაშია. ვინც ევროპით და სხვა სახელმწიფოებით მემუქრება, ჩემთვის მოღალატეა. მას ღირსება არ აქვს. ჩვენ ღირსეული ერის შვილები ვართ. ჩვენი ომი, ომი არ იყო? სამასი ათასი ადამიანი გამოგვიყარეს აფხაზეთიდან და არაფერი წვლილი არ გვაქვს მსოფლიოსთვის?! იყოს მასე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება