ირაკლი კობახიძე – 5%-იანი ბარიერი ლეგიტიმურიც არის, რაციონალურიც, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად, მაგრამ რაც მთავარია, ქვეყანას აწყობს ეს ბარიერი

IMG.GE

2%-იანი ბარიერის პირობებში ნაცმოძრაობას შეიძლება ჰქონდეს გათვლა, რომ სატელიტებთან ერთად, 2 წელიწადში შეიძლება დაგვეწიონ. ეს პრაქტიკულ შანსს უზრდის გარკვეულწილად ნაცმოძრაობას, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. სუბიექტური ინტერესი ნათელია. აქ არ არის საუბარი მაღალ მატერიებზე, სამართლებრივ გამართულობაზე, ობიექტურ მიზანშეწონილობაზე, აქ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, არის თუ არა ლეგიტიმური და რაციონალური 5%-იანი ბარიერი, ვიდრე 2%-იანი. მისი თქმით, 5%-იანი ბარიერი რომ ლეგიტიმურია, ამაზე ყველა თანხმდება. ეს რომ ასე არ იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარში, სადაც პროპორციული სისტემა მოქმედებს, არ იქნებოდა 5%-იანი ბარიერი.

„რაც შეეხება იმას, უფრო მეტად რაციონალურია თუ არა, ვიდრე 2%-იანი ბარიერი, ამაზე შეიძლება არსებობდეს სუბიექტური მოსაზრებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ თუ გადავხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ ევროკავშირში არის ორად ორი ქვეყანა, სადაც მოქმედებს 2% ან უფრო დაბალი ბარიერი. ყველაზე მეტი არის 5%, არის რამდენიმე შემთხვევა 4%-იანი და რამდენიმე 3%-იანი ბარიერით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში უფრო რაციონალურად ითვლება შედარებით მაღალი ბარიერი. ხშირად 5%-იანი, იშვიათად 3-იანი და 4-იანი. ანუ, რაციონალურიც არის 5%-იანი ბარიერი. შესაბამისად რჩება ერთი – ოპოზიციას და კონკრეტულად ნაცმოძრაობას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, სუბიექტური ინტერესი მათემატიკურადაც დათვლადია ძალიან მარტივად და ამაზე ბრიფინგზეც გვქონდა საუბარი. წინა არჩევნები რომ ავიღოთ კიდევ ერთხელ, ჩვენ ავიღეთ 47% , ნაცმოძრაობამ 33% და სხვა პარტიებმა 5% ვერ აიღეს. ანუ, გამოდიოდა, რომ ჩვენ გვქონდა დიდი უპირატესობით გამარჯვება, ავიღებდით დაახლოებით 100 მანდატს, ისინი აიღებდნენ 50 მანდატს და საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობა შეიქმნებოდა ჩვენს მიერ პარლამენტში. ავიღოთ მეორე შემთხვევა, როცა არის 2%-იანი ბარიერი და ისევ ავიღოთ წინა არჩევნების მაგალითი. ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის ორი სატელიტი დამატებით გადალახავდა ბარიერს, 2%-ს, ეს იყო გახარია 7%-ით და „ლელო“ დაახლოებით 2,5%-ით და ჯამში მათ გამოდიოდათ 42% ერთად. 47- 42% ზე არის უკვე მცირე – 5%-იანი სხვაობა. შესაბამისად, 2%-იანი ბარიერის პირობებში მათ შეიძლება ჰქონდეთ გათვლა, რომ სატელიტებთან ერთად, 2 წელიწადში შეიძლება დაგვეწიონ. ანუ, ეს პრაქტიკულ შანსს უზრდის გარკვეულწილად ნაცმოძრაობას, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ანუ, სუბიექტური ინტერესი ნათელია. აქ არ არის საუბარი მაღალ მატერიებზე, სამართლებრივ გამართულობაზე, ობიექტურ მიზანშეწონილობაზე, აქ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე. ეს ძალიან ნათელია, ანუ ქართულ ოცნებას უფრო მეტად ხელს აძლევს შედარებით მაღალი ბარიერი, ნაცმოძრაობას უფრო დაბალი. აქ არის სუბიექტური ინტერესების მომენტი. ჩვენ რომ გავყვეთ ობიექტურ ინტერესებს, ობიექტურ ინტერესებს ემთხვევა „ქართული ოცნების“ სუბიექტური ინტერესი, იმიტომ, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაში პლურალიზმიც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი პარტია იყოს მეტნაკლებად წარმოდგენილი, ბევრი არა, 3-4-5 პარტია, რაც ითვლება ყველაზე მიზანშეწონილ რაოდენობად განვითარებულ პოლიტიკურ სისტემებში. ჩვენს შემთხვევაში სტაბილური უმრავლესობა იქმნება გარანტირებულად 5%-ის პირობებში, 2%-ის პირობებში შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას უმრავლესობა. მაგალითად ისრაელში, არის 2,25% ბარიერი ამიტომ მეხუთე არჩევნები უწევთ უკვე ორი წლის თავზე პირველი არჩევნების ჩატარებიდან. ანუ, ასეთი პრობლემები იქნება და იქმნება დაბალი ბარიერის პირობებში. შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი ლეგიტიმურიც არის, რაციონალურიც, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად, მაგრამ რაც მთავარია, ქვეყანას აწყობს ეს ბარიერი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება