პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიო ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვას, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში. ანალიტიკოსი წერს, რომ ამ წლის ივლისის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მოქმედი პროექტების პორტფელი საქართველოში დაახლოებით 975 მილიონ დოლარს შეადგენს. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს რესურსები მიმართულია საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტვირთების, სერვისებისა და ინვესტიციების გადანაწილების ცენტრად ჩამოყალიბებისკენ:
„მსოფლიო ბანკი ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის ობიექტებად არ განიხილავს. ისინი უფრო ფართო ევრაზიული სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად აღიქმება. ბოლო წლებში შუა დერეფნის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური სტრუქტურებისთვის საქართველო კვლავ საიმედო პარტნიორად და პერსპექტიულ ლოჯისტიკურ კვანძად აღიქმება.
„2026 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის მორიგ მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. განსხვავებით ბრიუსელისგან, World Bank ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და თავისუფლად განასხვავებს მას შტატ Georgia-სგან.
მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ამ მარშრუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად რჩება თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების წყალობით. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მოქმედი პროექტების პორტფელი საქართველოში დაახლოებით 975 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ეს რესურსები მიმართულია საავტომობილო გზების მოდერნიზაციის, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების, განათლების სისტემის სრულყოფისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისკენ. ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ეს საერთაშორისო ნდობისა და მხარდაჭერის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის ობიექტებად არ განიხილავს. ისინი უფრო ფართო ევრაზიული სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად აღიქმება. ბოლო წლებში შუა დერეფნის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მსოფლიო ლოჯისტიკაში ახალი მარშრუტების ძიება მიმდინარეობს ევროპასა და აზიას შორის.
სწორედ ამიტომ, საქართველოს გზების, სარკინიგზო ქსელის, ლოჯისტიკური ცენტრებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.
ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ნაკადების გამტარ ქვეყანად კი არ დარჩეს, არამედ სამხრეთ კავკასიაში ტვირთების, სერვისებისა და ინვესტიციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადანაწილების ცენტრად ჩამოყალიბდეს.
ყველაზე პოზიტიური კი ის არის, რომ მსგავსი შეფასებები მსოფლიო ბანკის მხრიდან გრძელვადიანი ნდობის ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს. საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტები ასობით მილიონ დოლარს არ აბანდებენ ისეთ პროექტებში, რომელთა ეფექტიანობაშიც ეჭვი ეპარებათ. ამიტომ 975-მილიონიანი პორტფელი, რომელიც ივლისის მიმოხილვაშია ასახული, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცალკეული პროგრამების დაფინანსებას.
ეს არის სიგნალი, რომ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური სტრუქტურები კვლავაც ხედავენ საქართველოში საიმედო პარტნიორს, პერსპექტიულ ლოჯისტიკურ კვანძსა და სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ასეთი პროცესები ქმნის გრძელვადიან საფუძველს ახალი ინვესტიციების, სამუშაო ადგილების, შემოსავლების ზრდისა და საქართველოს საერთაშორისო წონის შემდგომი გაძლიერებისთვის,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
