როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ – ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს.
„ორივე თვალსაზრისით ჩანს, რომ აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი, რომ განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნისთვის კავშირს შავ ზღვასთან. ანუ რამხელა აბსურდში არიან შესული, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. მეორე მხრივ, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ მიიღო მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან.
ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
