ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის რაინდი“, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიის ლაურეატი და „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი. ვარსკვლავის გახსნამდე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ გვარამაძის შესახებ ვიდეოჩვენება და ანსამბლ „მთიების“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები: „მთიები,“ „ზენაარი,“ „ნართები,“ „ფესვები,“ ასევე, „ფარცას“ ძველი თაობის მოცეკვავეები და ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „შვიდკაცა“. ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
