Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

მარშალ პრესი 27/05/2026
ZURAB KADAGIDZE

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ჯარიმებსა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ორიენტირებულია სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზე, რაც მოსახლეობაში ხელისუფალის მიმართ გაუცხოებას იწვევს. ქადაგიძემ კოლეგებს მოუწოდა, ჯერ ერთად იმუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ გამკაცრდეს კანონები ჯარიმების მიმართულებით:

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ – განაცხადა ქადაგიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში ბიუროკრატიული ბარიერები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

„დღეს მინდა შევეხოთ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ოჯახებსა და საზოგადოებას ერთნაირად აწუხებს. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისა და მცირე მეწარმეების ყოველდღიური ყოფა.
ჩემი პოზიცია არის მყარი და უცვლელი- კანონი, წესრიგი და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი. ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ამ პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობა, ბალანსი კანონსა და ადამიანის ღირსეულ ყოფას შორის.

საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე ფიქრია.

დღეს კი სამწუხაროდ ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორების გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება.

რა გამოდის – ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას?

როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.

ეს არის ის, რაც არავის გვინდა — არც საზოგადოებას და, დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლებას.
ჩვენი მიზანი ხომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა და არა ხალხთან მათი დაპირისპირება?

უნდა დავფიქრდეთ – რამ გამოიწვია ჯარიმების ასეთი მკვეთრი, არაადეკვატური ზრდა? ჯარიმა ხომ სოციალურ სახელმწიფოში პრევენციას უნდა ემსახურებოდეს და არა სადამსჯელო ღონისძიებას? ჩვენ ვალდებულები ვართ, სანქციები ჩვენი მოსახლეობის მძიმე ტვირთად არ ვაქციოთ, რომ ადამიანებსა და მცირე ბიზნესს განვითარების მოტივაცია არ დავუკარგოთ.
ჩვენ უნდა ვიკითხოთ – რამ განაპირობა სახელმწიფო სერვისების ასეთი გაძვირება? რა რეალური თვითღირებულება გაიზარდა მომსახურების სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში რომ მოქალაქეს, რომელიც ისედაც იხდის გადასახადებს, დამატებითი ფინანსური ტვირთი დავაკისრეთ? ჩვენი მოვალეობაა, ეს სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა სახელმწიფოსგან გვერდში დგომა იგრძნოს და არა ბიუროკრატიული ბარიერები.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და

მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა.
სოციალური და სამართლებრივია სახელმწიფო მაშინ, როცა აბალანსებს კანონსა და ადამიანს შორის ღირსეულ ურთიერთობას“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
Next: ბუდაპეშტში მიმდინარე მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელმა და მის მოსწავლემ წარმატებით იასპარეზეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.