ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ, და ნახევრად მუქარაშერეული ტონით საუბრობდა, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.
„ელჩს როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს. სინამდვილეში, გულისხმობდა, რომ ბოლოს სანქციები უნდა დაგვეწესებინა ან რუსეთისთვის, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა. როდესაც ეუბნებოდნენ, თუ არ შემოვა ნავთობპროდუქტები, მაშინ გამოვა, რომ სხვა ბაზარი უნდა მოიძიოს ბიზნესმა, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასს, ამაზე მისი პასუხი იყო, რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრებაო. დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი ემბარგოს დაადებდნენ. ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ასეთი ამორალურია, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა. მორალი არის, რომ ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა.
