საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.
ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
სამების ტაძარში საეკლესიო კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაა შედგენილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტაძრის ეზოზე, გაფართოებული კრების მიმდინარეობისას საკათედრო ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.
28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.
ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პატრიარქი თავად მიიღებს.
