„მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ანა კორსმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა მიწის ადმინისტრირების პროექტზე – „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“, მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრეს.
„მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და, როგორც ყოველთვის, მოხარულნი ვრთ, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა.
