ბევრს ალბათ, წარმოუდგენია დემოკრატია, როგორც სუპერმარკეტი, სადაც შევა და ამოარჩევს რაღაცებს – „რძე მინდა, ყველი არ მინდა“. დემოკრატიას თავისი წესები აქვს და ამ წესებს სჭირდება პატივისცემა. მათ შორის ფულის ხარჯვას, მიღებას, განაწილებას, პოლიტიკაში ფულის ხარჯვას აქვს თავისი წესები, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“, რომლის თემა გამჭვირვალობის პოლიტიკა იყო.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, შემოდის თუ არა პოლიტიკაში უცხოური ფული.
„ასე არა, რომ „მე ვიცი და არ გეტყვი“, „ჩემი მეგობარი იყო და იქიდან გავიგე“. ინსტიტუციურ დონეზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პოლიტიკაში უცხოური ფული თუ შემოდის, სად და როგორ იხარჯება. არც საქართველოშია 1990-იანი წლები და არც მსოფლიოა 1990-იან წლებში. ჩვენ ვნახეთ რეალურად, მსოფლიო გახდა ძალიან საშიში ადგილი. პირდაპირ წყაროებმა, დონორებმა თავად აღიარეს, რომ ამ ფულებს ხარჯავდნენ სხვა საზოგადოებებში, ოღონდ ხარჯავდნენ არა კეთილი მიზნებისთვის. უშუალოდ ტრამპმა აღიარა, რომ ეს ფული გამიზნული იყო იმისთვის, რომ სოციალური შუღლი განვითარებულიყო, საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება გაღრმავებულიყო. თავად, ამ ფულის წყაროებმა თქვეს”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ამგვარ მსოფლიოში საქართველოს თავის დაცვა მხოლოდ კანონმდებლობით შეუძლია.
„ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღები და ასე შემდეგ. ერთადერთი, რაც საქართველოს ამ მოშლილ, მორღვეულ მსოფლიოში თავის დასაცავად გააჩნია, არის კანონმდებლობა, რომ აღმართოს ფარად. სხვათა შორის, ევროპაში ამას ეძახიან დემოკრატიის ევროპულ ფარს. საქართველოში ამას შეგვიძლია, დავარქვათ დემოკრატიის ქართული ფარი. ყველა კანონმდებლობა იმაზეა მიმართული, რომ ეს საცეცები იყოს ჩაჭრილი და ქვეყანას ჰქონდეს რაღაც დაცვა იმ მავნე ჩარევებისგან, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ამ ნაწილში”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
