„ტრამპის სიგნალი ცხადია: უკიდურესი სუბიექტურობისა და იდეოლოგიური უსამართლობის ტყვეობაში მყოფი იურიდიულ-მორალური მფარველობის ეპოქა დასრულდა,“ – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვენეციის კომისიაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპის გადაწყვეტილება დასტურია იმ მოსაზრების, რომ დემოკრატია უნდა განმტკიცდეს არა გარე ჩარევებით, არამედ ქვეყნების შიდა სუვერენული გადაწყვეტილებებით.
„რატომ არის აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ ტრამპის ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი ნაბიჯი? ის არ ეხება ამერიკის პრეზიდენტის ბიზნეს-პრაგმატიზმს, ხოლო ვენეციის კომისია არ ეხება ამერიკის უსაფრთხოებას ან ეკონომიკას. დეკლარირებულად ეს არის საერთაშორისო სამართლის მსაჯული, რომელიც წყვეტს ვისი არჩევნები ჩატარდა „საკმარისად დემოკრატიულად“, ვისი კონსტიტუცია „შეესაბამება სტანდარტებს“, ვისი რეფორმებია „ლეგიტიმური“ და ა.შ.
აშშ-ს გასვლა ამ სტრუქტურიდან ცალსახად ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ ნორმატიულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ან თუნდაც სასარგებლო ინსტრუმენტად. ეს არის დემონსტრაციული უარი იმ იდეაზე, რომ დემოკრატია უნდა დამტკიცდეს გარე „კომპეტენტური მოსაზრებით” და არა შიდა სუვერენული გადაწყვეტილებით. ასე რომ, ტრამპის სიგნალი ცხადია: უკიდურესი სუბიექტურობისა და იდეოლოგიური უსამართლობის ტყვეობაში მყოფი იურიდიულ-მორალური მფარველობის ეპოქა დასრულდა.
ვენეციის კომისია საქართველოსთვის ფორმალური სტრუქტურა არასდროს ყოფილა. ის იყო დაცვის ინსტრუმენტი: „არადემოკრატიულობის“ ბრალდებებისგან, შიდა რადიკალური სცენარებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობებისგან.
უფრო სწორად, ის უნდა ყოფილიყო ასეთად და ბოლო წლები, ის ასეთად არასდროს იყო. აშშ-ს ფაქტობრივი გასვლა ამ სტრუქტურიდან ნიშნავს კომისიის პოლიტიკური წონის მკვეთრ შემცირებას, მისი, როგორც „უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების“ სტატუსის დაკარგვას. ეს ნიშნავს ბაიდენის ეპოქის დროინდელი ამერიკული პოლიტიკური ზურგის გაქრობას და ვენეციის სპეციფიურ წლებში მის ვირტუალურ ჩაძირვას თავისივე ანგაჟირებული რეკომენდაციებით. ქართული „ოპოზიცია” ამ გადაწყვეტილებით კარგავს უნივერსალურ ბერკეტს, რომლითაც ადრე შესაძლებელი იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა „სავალდებულო საერთაშორისო ექსპერტიზის“ სახით.
ამჟამად, ზე-მნიშვნელოვანი ამერიკული ზურგის გარეშე, მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე ქვეყნის შიგნით კონცენტრირდება მის სუვერენულ ინსტიტუციებზე, გარე მსაჯულის გარეშე,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
