Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

მარშალ პრესი 09/11/2025
jemal inaishvili

Eagle Hills-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის, ზოგადად ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“, რუბრიკაში Business Insider Georgia, სტუმრობისას ბიზნესმენმა, „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.

ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციის შესახებ ბოლო დღეებში გააქტიურებულ ნეგატიურ კამპანიას გამოეხმაურა.

„არაბული ქალაქის აშენება” ეს არის არასწორი გამონათქვამი. Eagle Hills-ის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – ჩვენი ეკონომიკური წარმატებისა და ზრდის მთავარი ფაქტორი არის სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი. ზუსტად ამ მიმართულებითაა ეს პროექტიც გათვლილი, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვართ დაკავებული კარგა ხანია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი მსხვილი დეველოპერული კომპანია შემოდის. ქართული კომპანიებიც იგივეს აკეთებდნენ და მათი ძირითადი მომხმარებელი უცხოელები იყვნენ – ისრაელი, ყაზახეთი თუ სხვა ქვეყნები.

როცა საინვესტიციოდ საუბრობ, შენი სამიზნე ჯგუფი სწორედ ის ქვეყნებია, რადგან შეუძლებელია ასეთი დიდი პროექტების განხორციელება და მხოლოდ შიდა მომხმარებელზე დაყრდნობა. ამ გზით მიდის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპული. მაგალითად, საბერძნეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ისინი სთავაზობენ უძრავი ქონების შეძენას მომხმარებლებს და ამის სანაცვლოდ გასცემენ ე.წ. საინვესტიციო ვიზას – ოქროს ვიზას. მათ არ აქვთ სამუშაო უფლება, მაგრამ შეუძლიათ იცხოვრონ, იმოგზაურონ და სხვა სარგებელიც მიიღონ,“ – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონში უკვე ჰყავს კონკურენტი – აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარეობს გრანდიოზული პროექტი Sea Breeze.

„ჩვენი კონკურენტი აზერბაიჯანია. ზუსტად იგივეს აკეთებს Sea Breeze. ძალიან დიდი პროექტია ბაქოსთან ახლოს, უზარმაზარი მასშტაბის, და მათ გადაწყვიტეს კაზინოს გახსნაც კი. აქვთ ამბიცია, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი კაზინო მთელ ამიერკავკასიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით კონკურენტულ გარემოში. დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია უძრავი ქონების შეძენა უცხო ქვეყნებში. როგორც ქართველები ყიდულობენ ესპანეთში და სხვაგან, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ საქართველოში. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს და სწორედ ამით არსებობენ უძრავი ქონების კომპანიები. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს უცხოური კაპიტალის შემოდინება,“ – ამბობს „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

როგორც ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გახდა ცნობილი, Eagle Hills-ის პროექტებში საქართველოს სახელმწიფო ფლობს 33%-იან წილს, რაც მთავრობის განმარტებით ქართული სახელმწიფოს ინტერესის გამოხატულებაა.

„მით უმეტეს, სახელმწიფოს ექნება კონტროლი ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებშია. პირიქით, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო ჩართული, იტყოდნენ, რომ წილიც არ აქვსო. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო წილს იტოვებს,“ – განმარტავს ინაიშვილი.

მისივე თქმით, Eagle Hills-ის ინვესტიციის პარალელურად განხორციელდება სხვა თანმდევი ინვესტიციებიც და განვითარდება ინფრასტრუქტურა.

„შეუძლებელია, ეს ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე. ჯერ ერთი, ამ პროექტში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი. გარდა ამისა, პროექტი მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. როცა ასეთი დიდი ქალაქი აშენდება ბათუმის მიმდებარედ, დამატებით შესაძლოა შეიქმნას ახალი ობიექტები. პლუს ამას შესაძლებელია, რომ „ამბასადორი“ დაემატოს. განხორციელდება ინვესტიციები გზის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მიმართულებით. იგივე იქნება თბილისშიც. გარდა ამისა, ეს პროექტი გავლენას მოახდენს სხვა დარგებზეც, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორზე. ნებისმიერი მშენებლობა და პროექტი პირდაპირაა დაკავშირებული ლოგისტიკასთან,“ – აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

Post navigation

Previous: $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი – ვატო შაქარიშვილი
Next: პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.