ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

IMG.GE

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინათ.

ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის; შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახლდაგაშენებული ვენახები საქართველოს მაშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, 236 ღვინის კომპანია ოპერირებს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია შედეგია; ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება”, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ქართულ ღვინოს, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.

„რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებითა და ღვინოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა იმ მიმართულებებით, მათ შორის, გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის, რომლებიც რეგიონის მცირე მარნებს სჭირდებათ.

IMG.GE
გაზიარება