
4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე კიდევ 13 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2 პირზე ძებნაა გამოცხადებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგიელ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
” 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი – ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..
2 პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აქვე, საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..
რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.
რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე.