სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და მათგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სენაკის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ. სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე არსებულ ვითარებას პირადად სენაკის მერთან ერთადაც ეცნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დეტალურად უნდა მოხდეს ყველა არსებული ზარალის აღწერა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. ასევე შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებსა და ეზოებს სტიქიის ნატანი მასალისგან გაასუფთავებენ. დილიდან მოხალისეობრივი ჯგუფების ოდენობა იზრდება და სხვადასხვა ქუჩებზე გადანაწილდება.

სენაკში მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და საფეხმავლო ე.წ. ბეწვის ხიდი. ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი.
წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.

გაზიარება