ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია

ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებლად გატარდება კანონით განსაზღვრული ზომები.

„კომისია შეუდგა მუშაობას. რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, მთელი ეს პროცესი არის გამჭვირვალე. საზოგადოებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნოს განხილვებს, მსჯელობებს. კონკრეტულად, მოწვეული პირებისგან მიღებულ ინფორმაციას გაეცნოს.

ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს პირველი ასეთი სხდომები გაიმართა კომისიის ფარგლებში. კითხვები, რომელიც დაისვა, ეს არის, რა თქმა უნდა, საწყისი ეტაპის და იმ კითხვების ნაწილია, რომელიც არა თუ კომისიას, არამედ, საზოგადოების დიდ ნაწილს წლებია აწუხებს, აქვს სურვილი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დაიბაროს ნებისმიერი პირი შესაბამის კითხვებზე პასუხის მისაღებად. კომისიის თავმჯდომარემ ცხადად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რაც ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია.

ამიტომ, ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია, რომ ნებისმიერი პირი, ვისთან კომუნიკაციითაც დაინტერესდება კომისია აუცილებლად გამოცხადდეს ამ კომისიაზე, მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და უპასუხოს იმ კითხვებს, რაც კომისიის წევრებს გაუჩნდებათ. შესაბამისად, ამის საფუძველზე კომისიამ განაგრძოს თავისი მსჯელობა და იმ საქმეზე ორიენტირი, რა მიზნებითაც ეს კომისია შეიქმნა. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუკი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუცილებლად შესაბამისი უწყებების მხრიდან გატარდება კანონით განსაზღვრული ის ზომები, რაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც რიგი ადამიანებისგან გაჟღერდა საჯაროდ, რომ თითქოსდა ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას კომისიასთან ან არ აპირებენ კომისიის სხდომაზე მისვლას, თუკი ასეთი დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, თვითონ კომისია ალბათ აქამდეც უნდა შექმნილიყო, თუმცა ვერ შეიქმნა გამომდინარე იქიდან, რომ გარე ძალებისგან ძალიან დიდი ზეწოლა იყო.

გაზიარება