უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკრაინიზაციას არ დაუშვებს.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გეტყვით იმ ერთად გაწეული შრომისთვის, რაც ბოლო წლების მანძილზე თქვენ თქვენი მხრიდან მოახერხეთ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი და იმ ხელისუფლების მხარდაჭერით, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ ეს ქვეყანა შემდგარიყო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური სახელმწიფო, თავისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით და მთავარი პრინციპით – ადამიანის უფლებების დაცვით.
ეს ყველაფერი ერთად მოხერხდა 12-წლიანი მშვიდობის ფონზე. ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა ლაპარაკი იმ თემებზე, რაც უკავშირდება თუნდაც ჯანდაცვის პროგრამებს. ცხოვრებაში ვერც წარმოვიდგენდი, როგორც ექიმი, რომ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელიც ყველა თავის რესურსს გამოიყენებდა ამ მიმართულებით, ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა თუ სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტებს. ახლა ვსაუბრობდით, რომ B ჰეპატიტის ელიმინაციასაც ვიწყებთ. ეს პროგრამები ხომ მნიშვნელოვანია და გახსოვთ, ამ პროგრამებში დიდი ფინანსური რესურსი ჩადო სახელმწიფომ, ონკო პრეპარატზე შეზღუდვაც მოიხსნა, სრულად ფინანსდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩემი მინისტრობის დროს მახსოვს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ვაშაძე გამოვიდა და ბრალი დაგვდო – შავ ხვრელში ყრით ამ ფულსო. ჩვენთვის ასე არ იანგარიშება ხალხის სიცოცხლე, არც საათებით, არც დღეებით იმიტომ, რომ თანამედროვე ეპოქაში შესაძლებელია ადამიანებს ვაჩუქოთ სიცოცხლე და გავუხანგრძლივოთ ჯანმრთელი ცხოვრების პერიოდი. გარდა ამისა, თუნდაც სოციალური მიმართულებით, როცა ელემენტარულად ლარს ვერ ვაძლევდით ბავშვს და როცა 10 ლარი გაჩნდა თითოეულ ბავშვზე, ვიფიქრეთ – რაღაცა შევძელით. დღეს, უკვე სახელმწიფომ შეძლო, სოციალურად დაუცველ ყველა ბავშვზე ყოველთვიურად 200-200 ლარის გამოყოფა.
შეიძლება არ არის ეს ძალიან ბევრი, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვების ელემენტარული მოთხოვნილება იქნას დაკმაყოფილებული. აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1500-ქულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობა დაამატებს 200 ლარს. ძალიან ბევრი შეიძლება ილაპარაკო სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა დღეს ჩვენს ირგვლივ, რომ აღარ გვიწევს ამ თემებზე აქცენტირება და უნდა გელაპარაკოთ ყველაზე მთავარზე. ალბათ ყველამ ნახეთ ტელევიზიით, რა ხდება, ჩვენს მეზობლად ისრაელში – რამდენიმე წუთში 500 ბომბი ერთად ჩავარდა ქალაქში.
ჩვენთან ვიღაცები, ენჯეოს რომ ვეძახით და ჩვენი უფლებები რომ უნდა დაიცვან, ნატრობდნენ – ჩემს ქვეყანაში ეს ცეცხლის წვიმა მინდა დავინახოო. იმიტომ, რომ ისინი სარგებელს ასეთ უბედურებაში ხედავენ. თქვენ ამ ქვეყნის გონიერი ნაწილი ხართ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასთან ერთად, ამასაც არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანაში მეორე უკრაინა იხილოს ვიღაცამ. უკრაინა დიდი ქვეყანაა და მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავს უკვე დაღუპული, აღარ ვსაუბრობ იმ ათეულ მილიონ ადამიანზე, რომელიც უკვე ლტოლვილად იქცა.
ჩვენ, ჩვენი ყველა რესურსით თანავუგრძნობთ და თანამონაწილე ვართ მათი ამ პრობლემის საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავუშვათ მეორე უკრაინა და ამჯერად ეს ბერკეტი თქვენს ხელშია! თქვენ ხართ გადამწყვეტი. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოიღო, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ხმის აბსოლუტურ დაცვას. ამიტომ ვამბობ – თქვენ ხართ გადამწყვეტი, 41 ნომრის გაფერადებით და მხარდაჭერით არ დავუშვებთ საქართველოში განმეორდეს ის ფრონტი, რომელიც ჩვენს ირგვლივ, საუბედუროდ არის. დიდი მადლობა, ახლა დრო უნდა დავუთმო ჩემს მეგობრებს.
ძალიან მიხარია, რომ ისინი შემოგვთავაზა ჩვენმა პარტიამ იმიტომ, რომ შეიძლება მე რაღაც გამოცდილება მაქვს სოციალური თუ ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ ამ ქვეყანას აღმშენებლობა სჭირდება ამ ყველაფერთან ერთად და ამის უზარმაზარი გამოცდილება აქვს გია ჭყონიას. ამ რაიონში თუ რამე სასიკეთო გაკეთებულა, ბატონი გიას როლი და გამოცდილება არის უზარმაზარი და დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებულად მოახმარს მთელს ქვეყანას საკუთარ რესურსს.
მადლობა გუნდს, რომ ის წარმოადგინა ჩვენს დელეგატად და მადლობა გიას, რომ დათანხმდა ასეთ რთულ პერიოდში, ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ყოფნას. ის იყო ამ ბრძოლაში, ოღონდ აღმშენებლობის ბრძოლაში, ახლა კი პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდის. რაც შეეხება ცოტნე ანანიძეს, თქვენ უკვე იცნობთ მას და მსგავსი უფლებადამცველის ჩვენს კუთხეს კი არა, ბევრ ქვეყანას შეშურდება. პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება საუბედუროდ ციხეში მიიღო, რადგან არ შეეგუა 8 ნოემბერს. უნივერსიტეტში შეჭრილებმა ყველაზე კარგი სტუდენტი ამოარჩიეს, რომ ის ხვალ-ზეგ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი არ გამხდარიყო. წლები ამყოფეს ჯურღმულებში, ის არ იყო ციხე. თანამედროვე ციხე ლამისაა სასტუმროსაა მიმსგავსებული და მაშინდელი ციხე კიდევ, რა იყო ვიცით. შეიძლება დღე-ღამეში 1 საათი არ მოსწეოდა რიგი ჩამოჯდომისთვის, იმდენად იყო გადაჭედილი. მადლობა ჩვენს გუნდს, მაგრამ ეს ვერაფერი ვერ იქნება თუ არა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო – ძალიან კარგია, რომ...