პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმაურება.
ნინო წილოსანი ამბობს, რომ გაუგებარია ეზრა ზეიას განცხადება, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება.
„ხმამაღალი ჰედლაინების მიღმა, ალბათ მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია, რა იგულისხმება ანტიდემოკრატიულ პროცესებში. თუ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს და მუშაობს, თუ ჩვენს ქვეყანაში არ გვინდა რევოლუციური სცენარები და მუდმივი პროცესები, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და ამისთვის ერთადერთ პრევენციად ვხედავთ, რომ „ენჯეო“ სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა მოხერხდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ ამაში იგულისხმება, რომ ის შეფასებები, რომელსაც საქართველო იღებს კანონის უზენაესობის, ხელისუფლების ეფექტიანობის, სასამართლო სისტემის მუშაობის, ადამიანის უფლებების და სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნამდვილად გაუგებარია, რა არის ამ განცხადებების საფუძველი“, – აღნიშნა წილოსანმა.
ეზრა ზეიამ შეხვედრები გამართა პრემიერთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, ონლაინ მედიის წარმომადგენელთა ნაწილთან. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ უკიდურესად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც ავრცელებს მმართველი ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს, აზიანებს პარტნიორობას და ყველა ქართველის უფლებას.
