ანრი ოხანაშვილი: პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები ბოლომდე იყოს გატარებული

IMG.GE

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“] პრემიერის ძალიან მაღალი დონის შეხვედრების ნიველირებას ცდილობენ და საუბრობენ რაღაც თითიდან გამოწოვილ 20-პუნქტიან პროექტებზე. ეს არასერიოზული განცხადებები მათ თავიანთთვის შეინახონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერი დღესაც იმყოფება დავოსში, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მსოფლიო სავალუტო ფონდის უმაღლეს წარმომადგენლობასთან მართავს შეხვედრებს.

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები დაწყებული ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, გაგრძელებული ევროპის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ბატონ ვარჰეისთან, ბატონ ბორელისთან და ბატონ გენერალურ მდივანთან. ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიეღოთ იმით, თუკი მართლაც ვერ შედგებოდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გახსოვთ, როგორი კამპანია აწარმოებს ამასთან მიმართებითაც, რომ თურმე, ვითომ, შეხვედრა ჩაიშალა და თითქოს შეხვედრა აღარ შედგებოდა. ამით ისინი ცდილობენ ვიწროპარტიული ინტერესებით ხელის მოთბობას და ეს არ გამოსდით. დღესაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ეკონომიკურ საკითხებზე მსოფლიო სავალუტო ფონდის უმაღლეს წარმომადგენლობასთან, სხვა ეკონომიკურ ჯგუფებთან, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს ბოლომდე გატარებული და ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის სრულად იყოს შესრულებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება