მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს:
“მსურს გამოვეხმაურო გუშინ, მოქალაქის მიერ, მცხეთის მერიის შესასვლელ სივრცეში ატეხილ აურზაურს.
სოფელ ჯიღაურაში მოქმედმა ბეტონის საწარმომ, რომელიც თავისი საქმიანობით ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, წარმოება უნდა შეაჩეროს. ეს ცალსახაა და მერიას ამის შესახებ შეუცვლელი პოზიცია აქვს.
ამ ეტაპზე სასამართლოს მხრიდან ველოდებით საწარმოს დემონტაჟის შესახებ მერიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ლოგიკურ დასასრულს.
მიუხედავად მოქალაქის არაერთგზის სრული ინფორმირებისა, ის ისევ ცდილობს საკითხი მთლიანად მერიაზე გადაამისამართოს, უკვე მერამდენედ აწყობს ყველაფერთან შეუსაბამო აურზაურს და დგამს სპექტაკლს, რისი ადგილიც აქ არ არის.
მერთან შეხვედრაზე მას ჩემგან ეთქვა უარი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ვერ ვიქნები მისი სცენარის მონაწილე, ასევე, თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, არც მის საქციელზე პასუხის გაცემაში ვარ თავისუფალი, თუმცა მათ ამჯერადაც მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს და მათგან კიდევ ერთხელ მოესმინათ დასაბუთებული პოზიცია.
მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მოქალაქეებზე ზრუნვას, მაგრამ წესრიგისა და წესების დაცვა ყველას მოეთხოვება, ის იქნება დაზარალებული, უნებართვო საწარმოს მფლობელი თუ ნებისმიერი სხვა.
დაუსაბუთებლად იარლიყების მიკერება სამწუხარო წესად იქცა, პასუხისმგებლობის მიღმა ასეთი საუბარი და მით უმეტეს, შეურაცხყოფა უზნეობაა, თან მაშინ როცა ამას ჟურნალისტებისა და კამერების იმედად აკეთებ” – აცხადებს დიმიტრი ზურაბიშვილი.
