ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომის და ღალატის პარტიას, ცდილობდა ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება

970X90

„ჩვენი ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომის და ღალატის პარტიას, ცდილობდა, ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. ყველაზე მთავარია ერთი რამ – გამოიკვეთა, ვინ იყო ამის შემოქმედი. ესენი არიან საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გავლენები თავისი სტატუსებიდან, თანამდებობებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე უკრაინის ხელისუფლებაში და ეს ადამიანები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოფილიყო დაძაბული ფონი, შეურაცხყოფები საქართველოს და ქართველი ხალხის მისამართით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ დღეს საქართველო იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასეთი ჰიბრიდული ომი წარმოებს და ეს ხდება რუსეთის მიერ უკრინაში წარმოებული ომის პარალელურად.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ბევრი საკითხი განიხილეს, ბევრი რამ გაირკვა, მათ შორის, უკრაინელი კოლეგა თვითმფრინავის თემით დაინტერესდა, რაზეც არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია და ბევრი დეტალი დაზუსტდა.

„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული, საბედნიეროდ სწორი, ობიექტური პოზიცია ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ მანამდე ვიღაცეებმა შეძლეს მავნებლობით, სხვაგვარი განცხადებები ყოფილიყო, მათ შორის შეურაცხმყოფელიც კი იყო, მაგრამ ამის განხილვას მაშინაც არ ვცდილობდით, უბრალოდ თავის სახელს ვარქმევდით ყველაფერს და ვამბობდით, რომ დღეს დეტალების განხილვის და საქმის გარჩევის დრო არ არის.

ჩვენი ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომისა და ღალატის პარტიას, ცდილობდა, ეს ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. არადა, იმგვარი ნარატივი იყო, წარმოუდგენელი იყო ამაზე პასუხი არ ყოფილიყო, მინიმალისტური, იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებშიც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ რაღაც პასუხი უნდა ყოფილიყო, ამას ითხოვდა ლოგიკაც, ობიექტურობაც და რაც მთავარია, ქართული საზოგადოება – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას პირისპირ შეხვედრა იქნება, მათ შორის დახურულ ფორმატში, მაგრამ უკვე ძალიან კარგი შედეგია, რომ ბევრი რაღაც გაირკვა და ამას ხაზი გაუსვა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.

„არ შეიძლება ხაზი არ გაესვას შალვა პაპუაშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ამაში. ამ ურთულეს პერიოდში მან შეძლო ბევრ საკითხებში გაერკვია თავისი კოლეგა, რამაც მოგვცა პოზიტიური სიგნალები. ამიტომ, დეტალებში ნუღარ შევალთ. ყველაზე მთავარი და კარგია ერთი რამ – გაირღვა ის მოჯადოებული წრე, რასაც არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ახერხებდნენ, რომ რაღაც სპექტაკლები დაედგათ. ასეთი პოზიტიური შედეგი რომ არ ჰქონოდა ბოლო დღეების კომუნიკაციას, არც ამ კომუნიციაზე ვილაპარაკებდით, არ ჩავაყენებდით მათ უხერხულ მდგომარეობაში. ყველაზე მთავარია, რომ გამოიკვეთა, ვინ იყო ამის შემოქმედი, ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს. ესენი არიან საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გავლენები თავისი სტატუსებიდან, თანამდებობებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე უკრაინის ხელისუფლებაში და ეს ადამიანები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ეს დაძაბული ფონი ყოფილიყო, ეს შეურაცხყოფები ყოფილიყო საქართველოს და ქართველი ხალხის მისამართით. ისინი ცდილობენ ყველაფერს, რომ დღეს საქართველო იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასეთი ჰიბრიდული ომი წარმოებს და ეს ხდება რუსეთის მიერ უკრინაში წარმოებული ომის პარალელურად და ამ ომს იყენებენ. ფაქტია, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური და არასწორი ინფორმაციები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა იმთავითვე და შეურაცხყოფაც კი, რომელსაც არ იმსახურებდა არც საქართველოს ხელისუფლება, არც ეს ქვეყანა და არც ქართული საზოგადოება, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ამ ინფორმაციის საფუძველზე შეურაცხყოფილად იგრძნო თავი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

970X90
გაზიარება