
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მობილიზებული ოკუპანტები იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, რომ რუსეთს მალე მობილიზაციის ახალი ტალღა შეიძლება დასჭირდეს.
„დღეს მტერი მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ იუწყება, რომ თითქოს საჭირო არ არის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღები.
ფრონტის ხაზზე ძალიან განსხვავებული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, მათ იმდენად უხეშად იყენებს სარდლობა, რომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს შეიძლება მალე დასჭირდეს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღა.
ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობებს ეძებს. მათ შორის მისი თანამზრახველების წყალობით – ირანში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.