მიხეილ სარჯველაძე – დიახ, ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს მკაცრად – გამოიკვეთება, რომ ვინმემ თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას

IMG.GE

ნებისმიერი საუბრის წამოწყება ტრაგედიის ფონზე, ცხელ ფონზე განცხადებების გაკეთება, ვიდრე გამოძიებას, ან ვინმეს, არ აქვს კონკრეტული მიზეზი, რომ კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ისაუბროს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა, მათ შორის პოლიტიკური, არ შეიძლება დგებოდეს ბრალის გარეშე.

„მოხდა ძალიან მძიმე ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, რომ ვეცადოთ, ჩვენ ჩვენი მერკანტილური მიზნებისთვის გამოვიყენოთ, ეს ერთი მოცემულობაა, აქ უნდა დავსვათ წერტილი.

მეორე, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს: არავისზე ჯოხის გადატეხა არ უნდა მოხდეს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია, უკლებლივ ყველა, ვინც რაღაც დაარღვია, ვისაც რაღაც ევალებოდა და არ გააკეთა, ყველა, ვისაც ევალებოდა რაღაცის გაკეთება ასეთი შემთხვევის პრევენციისთვის, არ შეასრულა მოვალეობა, დაარღვია ვალდებულება, რასაკვირველია, პასუხისმგებელია ყველა. უბრალოდ, მათ შორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც რომ მიდგება საქმე, სამართლებრივი ანალიზი სჭირდება ყველაფერს. არ შეიძლება, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა გავამართლოთ, არ შეიძლება გვავიწყდებოდეს ასეთი ტრივიალური რაღაცები. პასუხისმგებლობა არ შეიძლება დგებოდეს ბრალის გარეშე, ამიტომ ბრალი ვისაც მიუძღვის, დიახ, ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს მკაცრად.

გეგულებათ სადმე ისეთი სახელმწიფო, სადაც ხდება ტრაგედიები ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაცის ბრალით, ზოგჯერ ტერორისტული აქტი და ამის გულისთვის, იმავე დღეს ვინმე გამოვიდეს და მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება ისე, რომ კაციშვილმა არ იცის მოცემულ შემთხვევაში რა მოხდა. გამოიკვეთება, რომ ვინმემ იცოდა და ამაზე თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ადამიანები ტრაგედიის საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„ყველა ჩვენგანის ინტერესის საგანი უნდა იყოს, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტული ბრალეული პირი, ვისაც მიუძღვის ბრალი იმაში, რაც მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც აღმოჩნდება , რომ ბრალეულია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიზეზიც უნდა გამოიკვეთოს, სხვაგვარად ასეთ თემაზე, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე, რასაკვირველია, არ შეიძლება საუბარი. ასეთი რამ ჩემთვის მისაღები არ არის. ძნელია ემოციურ ფონზე ასეთ თემებზე საუბარი, არაფრის დიდებით არ შეიძლება.

როდესაც ხედავ, არცთუ კეთილსინდისიერად ცდილობენ ადამიანები, რომ საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ ტრაგედია, ეს რასაკვირველია, კარგი არ არის, არაფრის დიდებით არ შეიძლება. ვიდრე ადამიანები ვერ გარკვეულან, რა მოხდა, მანამდე საუბრის დაწყება იმაზე, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებული მასალა იყო უვარგისი ან დანადგარი.

„გამოძიება რატომ არის იცით საჭირო? – შეიძლება მასალა იყო გამოყენებული, რომელიც უვარგისი იყო, შეიძლება დანადგარი, რომელიც იქ დამონტაჟებულია, შეიძლება იმას აქვს რაღაც კონკრეტული გარანტია, რომელმაც არ იმუშავა და აღმოჩნდა, რომ იყო „ბრაკი“. არ ვიცი, ეს უნდა გაირკვეს, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რაღაც უნდა დადგინდეს და ამის მიხედვით უნდა შევაფასოთ, ისე არ შეიძლება.

ცხელ ემოციურ ფონზე ოპონენტები ცდილობენ, რომ ყველაფერი მიატმასნონ და ყველაფერი მიზეზად გაასაღონ, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.

IMG.GE
გაზიარება