რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.
ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები“ განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომელიც „არსებობდა მათი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს“.
4 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.
3 ოქტომბერს, რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა. 30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.
უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი ეკონომიკური სანქციები ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას შეეხება. სანქციები ასევე შეეხება რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს.
