
ამ სუპერ გამჭვირვალე პროცესშიც კი, [ოპოზიციამ] მაინც მოძებნა ისეთი რამ, რაზეც „პრინციპულად“ შეიძლება დადგნენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პროცესის შემაფერხებელი. დავუშვათ, თუ სხვა პოლიტიკური ძალები შეჯერდებიან სხვა კანდიდატზე, ამ შემთხვევაში, თუ ისინი გაჯიუტდებიან, რომ მაინცდამაინც კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანებს უჭერენ მხარს, ეს იქნება პროცესის შემაფერხებელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა არ შეიძლება კონკრეტულად რომელიმე კანდიდატზე საუბარი, ის 3 იქნება, იმ 3-დან რომელიმე იქნება ჩვენის მიერ მოწონებული თუ არა, ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იქნება, რომ ევრორეკომენდაციის შესრულებას ხელი არ შეეშალოს, ანუ შევჯერდეთ ობიექტურ კანდიდატზე. შეიძლება ყველასთვის მისაღები ვერ იყოს, მაგრამ აქ შეიძლება კომპრომისზეც წასვლა ოღონდ შესრულდეს რეკომენდაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ისინი ვისზეც იტყვიან, თავი დავუქნიოთ და მაინც და მაინც იმას დავუჭიროთ მხარი. ჩვენ შევეცდებით, რომ აქაც კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვას – იცნობთ თუ არა ქეთი ჩაჩავას და ექნება თუ არა ამ კანდიდატს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, მდინარაძემ ასე უპასუხა:
„მე ასე არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი თქვენ ასე რატომ ამოარჩიეთ მაინც და მაინც ერთი 19-დან, რა კვეთა გაქვთ მათთან, ან რა კუთხით მეკითხებით, ყოველ შემთხვევაში არც იმ ადამიანზე ვისზეც მეკითხებით და არც სხვაზე ჩვენ ასე კონკრეტულად მსჯელობა არ გვქონია. ჩვენი მხრიდან საუბარსაც აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერცერთი კანდიდატის გაყვანას ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა მდინარაძემ.