ამერიკის საელჩომ გვითხრას მთლიანობაში თანხის რა მოცულობა დაიხარჯა ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის განვითარებაზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ის ციფრები, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ყველაფერი ექვემდებარება დეტალურ განხილვას და შემდეგ საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი, თუ რამე არასწორად წერია ჩვენს განცხადებაში, საელჩოსგან ველოდებით მეტად დეტალურ ინფორმაციას. საელჩომ გვითხრას მთლიანობაში თანხის რა მოცულობა დაიხარჯა ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის განვითარებაზე და სად გაქრა დაახლოებით ერთი მილიარდი, რომელიც საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ შემოვიდა თუ არა ქვეყანაში და რატომ არის, რომ ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ოღონდ პარტნიორობა მე მესმის ასე, რომ პარტნიორები ვართ, ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთის ინტერესებს ვეთანხმებით. ნუ დამაყვედრიან, როდესაც აღმოჩნდება, რომ საქართველომ მინიმუმ 2.5 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა მარტო ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში გაუწია შეერთებულ შტატებს და დასავლელ პარტნიორებს. ნურავინ დაგვაყვედრის დახმარებასა და 6 მილიარდ დოლარს, რომელიც აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ამდენი“,- განაცხადა სუბარმა.
მანვე ისაუბრა იმაზე თუ რა აზიანებს საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.
„სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას აზიანებს რამდენიმე რამე. პირველი, როდესაც გეუბნებიან, რომ ომში უნდა ჩაერთო და ამის ძალიან კატეგორიული მოთხოვნები იყო. ამასთან დაკავშირებით ელჩმა არ თქვა სიმართლე. მე რასაც ვამბობ ეს არის აბსოლუტური სიმართლე და იმედი მაქვს, რომ არ მომიწევს ამის დადასტურება. ასევე, სტრატეგიულ ურთიერთობას აზიანებს ის, როცა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი გამოდის და მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომ ჩამოდით საქართველოში და გაყარეთ რუსები და პრორუსები მთავრობიდან. ანუ, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არის პრორუსი და მოუწოდებს ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ ამ დროს კი აშშ-ის ელჩი ამაზე ამბობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს. როდესაც ჩვენ ვუსვამთ ელჩს კითხვებს, ჩვენზე იძახის, რომ ეს არის რუსული დეზინფორმაცია. ანუ, კიზინგერის შემთხვევაში არსებობს გამოხატვის თავისუფლება და ამაში ჯდება სამხედრო, სისხლიანი გადატრიალებისკენ მოწოდება და ჩვენ, რომ კითხვებს ვსვამთ ეს თურმე აზიანებს სტრატეგიულ პარტნიორობას და არის რუსული დეზინფორმაცია“,- განაცხადა სუბარმა.
