ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დემოკრატიის განსამტკიცებლად დააფინანსეს, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითზე ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრეს, თავისი შინაარსით სულ სხვა არსის მატარებელია, მაგრამ ამ მოდელზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას სამომავლოდ შემოვინახავთ.

საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ.

გაზიარება