პროკურატურა ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს
რა არის ფემიციდი?
ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა.
როგორ ისჯება ქალთა მკვლელობა (ფემიციდი)
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.
გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით – 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით – 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, 2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ კლება.
2020 წელს ,,კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ლოქდაუნის პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის – „მსოფლიოში COVID-19-ის გავლენა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და სერვისების მიწოდების შესახებ“ მიხედვით, შესწავლილია მსოფლიოს 49 ქვეყანაში არსებული ვითარება, გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაზრდილია.
წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით „კოვიდ 19-ის დროს სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირება“, გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის პირობებში მომატებულია ოჯახში ჩადენილი მკვლელობები, ერთ-ერთ დახმარების ცხელ ხაზზე მსხვერპლთა შეტყობინებები გაიზარდა 700%-ით. კანადაში, კარანტინის პირობებში, ძალადობის რიცხვი ზოგიერთ რეგიონში 20-30%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, მათ შორის, ეპიდემიების დროს იმატებს ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. სტრესი, სოციალური და უსაფრთხოების ქსელების რღვევა, მომატებული ეკონომიკური არასტაბილურობა და სერვისებზე წვდომის ნაკლებობა ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს აძლიერებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს