ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეების მუდმივი მონიტორინგი და სპეციალური სტატისტიკის წარმოება საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების, მკვლელობების მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.
უწყების ცნობით, 2014 წლიდან, საქართველოს პროკურატურა აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტატისტიკას და ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს.
ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
„საქართველოს პროკურატურა მუშაობს სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვაზე. 2016-2022 წლებში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 1624 ბრალდებულის მიმართ. ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი პირველად გამოიკვეთა 2018 წელს, ხოლო დღემდე ქალთა მკვლელობის საქმეებში გენდერული დისკრიმინაცია იდენტიფიცირებულია 45 ბრალდებულის მიმართ. 2022 წელს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების – ფემიციდის თემაზე სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, 2 სასწავლო აქტივობა ჩატარდა და გადამზადდა 34 მენეჯერი და სპეციალიზებული პროკურორი, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეებზე.
კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. ცვლილების თანახმად, დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის ფარგლებშიც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ქცევაზე 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.
ელექტრონული სამაჯურების გამოყენება დაზარალებულთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ბრალდებულთა მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს და ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს შეამცირებს.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან ავიცილოთ მძიმე დანაშაული. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, 2022 წლის სექტემბერში, პროკურატურა იწყებს მასშტაბურ კამპანიას ფემიციდის წინააღმდეგ. აღნიშნულ პროცესში, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში“, -აცხადებენ პროკურატურაში.
