გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკო-ს ექსპერტების მომზადებული ორი დასკვნის პირველადი განხილვა კულტურის სამინისტროში გაიმართა

162
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოწვევით, იუნესკო-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული ორი დასკვნის პირველადი განხილვის მიზნით, სამინისტროში გამართული შეხვედრა დასრულდა.

დარგის სპეციალისტების და არქიტექტორების განცხადებით, ძეგლის მდგომარეობა მართალია მძიმეა, თუმცა გამოსწორებადი. მათი განმარტებით, დაზიანებები არის დაკონსერვებული და გელათის ორივე ტაძრის ე.წ. დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცეულ ფრესკებს საშიშროება არ ემუქრება.

პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას საპროექტო ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ძეგლზე მიმდინარე პროცესებს და მოახდენს კედლის მხატვრობის დაზიანების პრევენციას.

არქიტექტორ გიორგი ციციშვილის თქმით, მიმდინარე პროცესებში შესაძლოა, უცხოელ სპეციალისტთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩაერთოს.

„ეს დასკვნა საჯაროა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს დასკვნა. მოგეხსენებათ, იუნესკო-ს ექსპერტები იყვნენ, იტალიელები კონკრეტულად. ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტები, რომლებმაც ძალიან კარგი დასკვნა დადეს. იქ არის აღწერა სიტუაციის, არის გარდა ვიზუალური დაკვირვევებისა, რომელიც აგრეთვე ტექსტშია მოცემული. მათ ჩაატარეს კიდევ ლაბორატორიული კვლევები იმ სინჯების, რომელიც აქედან წაიღეს და იმ ლაბორატორიული კვლევების ნაწილიც არის ჩადებული ამ დასკვნაში. დასკვნის გარდა არის რეკომენდაცია, როგორ შეიძლება გაგრძელდეს სამუშაო. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ დამალავს. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მსჯელობა იყო დღეს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ანუ ჯერ არ არის საბოლოო მიღწეული კონსენსუსი ჩვენს შორის, სპეციალისტებს შორის. თუმცა უკვე გამოიკვეთა ესეთი აზრი, რომ შეიქმნას საპროექტო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად იქნება პასუხისმგებელი იმ პროექტის, რომელიც დამუშავდება, მაგრამ ამ საპროექტო ჯგუფს გაუწევს ზედამხედველობას როგორც სპეციალისტები, ისე საზოგადოება. ეს იქნება საჯარო. ვითარება გამოსწორებადია. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამის გამოსწორება. არის ამის კვალიფიკაცია საქართველოში, თუმცა არის იმედი, რომ უცხოეთიდანაც იქნება დახმარება კონკრეტული“,- განაცხადა ციციშვილმა.

როგორც მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე აცხადებს, საგანგაშო არაფერია.

„სიტყვა საგანგაშო ახლა უხერხულიც არის, რადგან საგანგაშო არაფერია ნამდვილად. ის, რაც საგანგაშო იყო, გამოვლენილ იქნა ყველაფერი. ამის დასტური არის სწორედ ის დასკვნები, იუნესკო-ს ეგიდით ჩამობრძანებული ექსპერტების მიერ, რომელიც მივიღეთ როგორც გელათის არქიტექტურის შესახებ, თუ რა პრობლემებია, ასევე კედლის მხატვრობის შესახებ. საგანგაშო მაშინ იქნებოდა, თუ ვითარდებოდა კიდევ უფრო დაზიანებები, ახლა დაზიანებები არის დაკონსერვებული, რადგან გელათის ორივე ტაძარი ე.წ. დროებითი გადახურვის ქვეშ არის მოქცეული და აღარ უქადის ფრესკებს საშიშროება. მაგრამ საჭირო არის მონიტორინგი ფრესკული მხატვრობის, კედლის მხატვრობის მონიტორინგი, რომ იქ იყოს ის მიკროკლიმატი დაცული, რათა აღარ მოხდეს მეტი დაზიანება. ამაზე მიმდინარეობს კიდეც მონიტორინგი, მაგრამ ახლა იქნება უფრო გაძლიერებული და ყოველდღიურ რეჟიმში იქნება კონტროლში უკვე ეს საკითხი. რაც შეეხება მომავალ რესტავრაციას, დღეს სპეციალისტებმა იმსჯელეს, როგორც არქიტექტორმა რესტავრატორმა, ისე ფრესკული მხატვრობის სპეციალისტებმა და შევჯერდით ერთ რამეზე – პარალელურ რეჟიმში მოხდეს როგორც არქიტექტორული ხარვეზების აღმოფხვრა, ისევე ფრესკული კედლის მხატვრობის.

ზოგადად, ვადა, თუ როდის დასრულდება გელათის რესტავრაცია, ამაზე საუბარი რთულია. ჩვენი პირველი ამოცანა არის, მოახდინონ პრევენცია კედლის მხატვრობისა, რომ აღარ განვითარდეს და დარჩეს ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის, რომ დაზიანდეს. დაზიანება შეიძლება მრავალი ფაქტორიდან მიიღოს, შეიძლება მუშა პროცესმა გამოიწვიოს“,- განაცხადა ტარიელ კიპაროიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება