პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ამ თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები შესთავაზა. კალანდარიშვილი, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, 6-თვიანი ვადით იყო არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ და მესამედაც სურდა ამ თანამდებობის დაკავება.
„ჩვენს ანგარიშზე არის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის წარმატებული ერთი წელი, და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ის პოზიტიური გამოხმაურებები, რომელსაც თავად პრეზიდენტი იზიარებდა არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში. ამ ფონზე გაუგებარია ეს გადაწყვეტილება და მოტივები. ალბათ ამაში გარკვეული ხელი ურევია იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც პრეზიდენტზე ხორციელდებოდა კონკურსთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ალბათ უფრო პოლიტიკური მოტივი ჰქონდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.
