
პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ამ თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები შესთავაზა. კალანდარიშვილი, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, 6-თვიანი ვადით იყო არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ და მესამედაც სურდა ამ თანამდებობის დაკავება.
„მეჩვენება და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რაღაც დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა, რათა ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან. მე არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ რომ საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამისთვის შეიძლება შეგაქოს. მე მგონია, რომ რომელიმე წარმოდგენილი კანდიდატურის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ამოცანა არის შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი, და არა ოპოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.