ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„აუტანელია ბუჩაში, კიევთან გათავისუფლებულ ქალაქში გადაღებული ფოტოების ნახვა. ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში. ვუსამძიმრებ დაღუპულებს, სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა მაკრონმა.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.
