ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წერილი შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გზავნილებს, საინტერესო მინიშნებებს, გვირჩევნია, სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს

970X90

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და გზავნილებს შეიცავს.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან.

თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ომში ჩართვის საფრთხეებზეა საუბარი.

„ეს ნამდვილად ასეა. ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წერილსი საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილებია მოცემული და დანარჩენ დასკვნებს თვითონ გამოიტანენ. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, შეეფასებინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ჰქონდა.

როგორც კობახიძე ამბობს, შესაძლოა, საკითხთან დაკავშირებით ლოგიკური დასკვნები ჰქონდეს, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდება.

„შეიძლება, მქონდეს ჩემი ლოგიკური დასკვნები, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვერიდებით ასეთი დასკვნების საზოგადოების წინაშე გამოტანას. მთავარია, რომ საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები წერილიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

970X90
გაზიარება