ვაგრძელებ ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის განვითარებული მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნებას და ვხედავ, რომ ჩნდება ახალი ფაქტები, რომლებიც ჩემ მიერ თავიდანვე გამოთქმულ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
განცხადებაში შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმით „ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ, ერთი მხრივ ივანიშვილს აშანტაჟებენ, მეორე მხრივ შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ“.
„როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით, „კრედიტ სუისის“ შესახებ საერთაშორისო მედიაში უამრავი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა. თუმცა, ამ სტატიებზე ბანკის მენეჯმენტს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა და ისინი თვითდაზიანების რეჟიმში აგრძელებდნენ მოქმედებას.
სწორედ ამიტომ, ივანიშვილის ადვოკატებმა ტაქტიკა შეცვალეს და საერთაშორისო მედიაში სხვა შინაარსის სტატიების გამოქვეყნება გადაწყვიტეს, რომლის ადრესატები შვეიცარიის პარლამენტი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები იყვნენ. ამ სტატიებს შვეიცარიელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საზოგადოების ყურადღება უნდა მიეპყრო იმ ზიანზე, რომელსაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი შვეიცარიის საბანკო სისტემას და სახელმწიფოს აყენებდა.
მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა უხილავი ხელი, რომელმაც უკლებლივ ყველა სტატია ერთიანად დაბლოკა. დაბლოკვის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ადვოკატებმა არა ბანკის, როგორც ასეთის, არამედ მისი მენეჯმენტის მიმართ გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვები.
გამოსაქვეყნებელ სტატიებში განვითარებული ლოგიკის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტი მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს“ და შვეიცარიის საბანკო სისტემას და ამით უმძიმეს ზიანს აყენებს შვეიცარიის სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ ამ სქემის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის შეეშინდათ იმ ძალებს, რომლებიც ბანკის მენეჯმენტს აკონტროლებენ. მათ შეეშინდათ აჟიოტაჟის, რომელიც ამ სკანდალურ ინფორმაციას შვეიცარიულ საზოგადოებაში შეიძლება გამოეწვია.
ამერიკა რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას აკონტროლებს, ამაზე წინა წერილებში არაერთგზის მქონდა საუბარი. მედიაზე და განსაკუთრებით, წამყვან ევროპულ მედიასაშუალებებზეც რომ ექნებოდათ სერიოზული გავლენა, ამაშიც დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, საერთაშორისო მედიაზე სრული კონტროლი თუ ქონდათ დამყარებული, აქამდე ნამდვილად არ მეგონა. აღმოჩნდა, რომ როგორც 2012 წლამდე აკონტროლებდნენ სრულად ქართულ მედიას სააკაშვილის მეშვეობით, ზუსტად ასევე სრულად აკონტროლებენ ისინი დღეს ევროპულ მედიასაც.
რომ შევაჯამო, გასაგებია, რაშიც არის საქმე – „კრედიტ სუისის“ კრიტიკა ამერიკელებისთვის არათუ შემაშფოთებელი არ იყო, არამედ, პირიქით, სწორედ მათ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც ადრეც ვთქვი, ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ – ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ. ამ კუთხით, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული სტატიები ამერიკის ინტერესებს პირდაპირ ესადაგებოდა. მაგრამ ადვოკატებმა როგორც კი გადაწყვიტეს, აქცენტი არა „კრედიტ სუისზე“, არამედ ამერიკელების მიერ დანიშნულ მის მენეჯმენტზე გადაეტანათ და ის თვითდაზიანებაში ემხილათ, მაშინვე ყველა სტატია დაიბლოკა.
აქედან მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სწორად მიაგნეს პრობლემის მთავარ წყაროს. თუმცა, რამდენად იქნება ეს მიგნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, რთული სათქმელია. საქართველოს ომში ჩართვისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის დანგრევის მიზნები იმდენად დიადია, რომ ამერიკელებმა ამ მიზნებისგან კიდევ დიდხანს შეიძლება არ დაიხიონ უკან“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე?