
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც დღეიდან მთის კვირეული დაიწყო.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მოგესალმოთ ყველას, ძვირფასო თუშებო და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები.
ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის, ჩვენ, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ, მინდა, რომ ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას და იცით, რომ მთელი 6-7 თვე აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით. მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.