ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა

970X90

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“ დაიხურა. მანამდე კი, თეატრის მცირე სცენაზე, მაყურებელმა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“ იხილა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს და მასში ოზურგეთის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. ფესტივალის დახურვას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

დახურვის ცერემონიაზე 6 ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. მთავარი პრიზი „ნოდარ დუმბაძის პრემია“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო სცენოგრაფია –
ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი „ჯაყო“,
რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

2. საუკეთესო მსახიობი –
მარინა დარასელია
ეთეროს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში – „შაშვი შაშვი მაყვალი“,
რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე,
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

3. საუკეთესო მსახიობი –
რამაზ ხომასურიძე
ჯაყოს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ყაჯო“,
რეჟისორი გოჩა კაპანაძე
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

4. საუკეთესო რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი, სპექტაკლი
„ნუ გააღვიძებ“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

5. ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია –
„შაშვი შაშვი მაყვალი“, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე.

6. საუკეთესო სპექტაკლი – „კაცია – ადამიანი?!“,
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,
რეჟისორი ლევან წულაძე.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 5-15 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი ჩვენი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან 17 სპექტაკლით. მაყურებლის წინაშე წარდგა ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი უკრაინიდან; ასევე დასები პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან.
ხაზგასასმელია, რომ ფესტივალი ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში პირველად გაიმართა და საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი მაყურებელმა თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილა.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრები იყვნენ თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ETA დამფუძნებლები და ბორდის წევრები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ასოციაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა ოკუპირებული ხერსონის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა.

ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურში წარმოდგენილ იქნა ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ხაზარულა“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია).

XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მესამედ გაიმართა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, ხელი შეუწყოს ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

970X90
გაზიარება