შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
